საზოგადოება
გურჯაანის მერია 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათით დაეხმარა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წელს, 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათით დაეხმარა.

სოციალური პაკეტების მიმღები ოჯახები კონკრეტული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: სოციალურად დაუცველები (მინიმალური ქულათა რაოდენობით), მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირების ოჯახები და მარჩენალდაკარგულები.

მერის წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათები მუნიციპალიტეტის 30 სოფელში, ყველა ბენეფიციარს გადასცეს. რაც შეეხება ა(ა)იპ "მოქალაქეთა თანადგომის" 200 ბენეფიციარს, ისინი 31 დეკემბერს მიიღებენ საახალწლო ნობათს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წელს ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თუმცა წელს საახალწლო პაკეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების უპრეცედენტო რაოდენობას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლის თამარ ქადაგიშვილის ინიციატივით, საქველმოქმედო კამპანია "მზრუნველი კალათი" იმართება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარ ნაძვის ხესთან სპეციალურად მოწყობილ ყუთებში შეგროვილი ტკბილეული, ტანსაცმელი და სათამაშოები მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს 30-31 დეკემბერს გადაეცემა.

2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საახალწლო ნობათებისთვის 30000 ლარი გამოიყო.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google