საზოგადოება
დიდების მემორიალზე ჯიხურები ისევ დააზიანეს
გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები კიდევ ერთხელ დააზიანეს. დამტვრეულია ფიცრები და კარი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ ყოველ საღამოს ახალგაზრდები იყრიან თავს.

„სვამენ, ეწევიან და ათას საშინელებას სჩადიან. ჯიხურებს ფიცრებს აძრობენ და ცეცხლს ანთებენ. ყოველ საღამო ეს ამბავია და დავიჯერო, პოლიცია ვერაფერს ხედავს? ამდენი „პროჟექტორია“, თუმცა დაზიანებულია და ღამე განათება არ არის. უკვე არაერთი შემთხვევა მოხდა და არავინ მიუციათ პასუხისგებაში. ერთხელ მაინც რომ დაჯარიმდეს ვინმე, სხვები ამას აღარ გაიმეორებენ. მემორიალზე სათვალთვალო კამერებიც დაამონტაჟეს, მაგრამ როგორც ვიცით, ჩართული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეს აქამდე ამოიცნობდნენ.“ - ამბობენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები.

საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, სალომე ბოგვერაძის განმარტებით, ბოლოს ჯიხურები ორი იანვრის შემდეგ შეაკეთეს.
„ჯერ დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა დაზიანება და შევაკეთეთ. შემდეგ ზუსტად ორ იანვარს დილით მეთვალყურემ ნახა, რომ ისევ დაზიანებული იყო და კვლავ აღვადგინეთ. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ფაქტი უკვე დაფიქსირებულია. ჩვენ შევიძენთ მასალას და კვლავ მოხდება დაზიანებულის აღდგენა. ვიდეოკამერები ჩართულია, თუმცა დაზიანება ისეთი მხრიდან ხდება, თვითონ ჯიხური ეფარება და კამერა დამნაშავეს ვერ აფიქსირებს. შესაბამის ორგანოებს მივმართეთ და ალბათ რეაგირება იქნება. რადგან ყველაფერი ხდება ღამე, უფრო ნაკლებად კონტროლდება. ვფიქრობთ, გამოსავალი მოვნახოთ, რომ ამ ჯიხურებიდან სარგებელი მივიღოთ. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.“

შეგახსენებთ, რომ ჯიხურები რამდენიმე წლის წინ აგვისტოში, ავსტრიელმა სტუდენტებმა ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად გააკეთეს, თუმცა, მას შემდეგ რეგულარულად ამტვრევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google