საზოგადოება
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს
ოპოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციებს აანონსებს და 4 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს.

შესაბამისი განცხადებით თბილისის მერიას ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ მიმართა. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩასატარებლად მერიის ნებართვა საჭირო არ არის, თუმცა, პროტესტის ორგანიზატორების კეთილი ნებაა, უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
„ 4 თებერვალს ყველა ის პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, დავუბრუნდებით ამ პროცესს. ახალ ეტაპზე გადავა ეს პროცესი და კვლავ სირცხვილის დერეფნების და პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, დისკომფორტი შევუქმნათ იმ სამარცხვინო წარმოამდგენლებს, რომლებსაც გონიათ, რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ეს ასე არ იქნება. მათ მოუწევთ დიდი დისკომფორტის გავლა. ეს, საერთაშორისო მეგობრების ზეწოლასთან ერთად იქნება ის ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და დაპირებების შესრულება.“

ოპოზიციამ და აქტივისტებმა კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების შემდეგ ხელისუფლებას ალტერნატივა, ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზეს, რომელიც ასევე შერეული სისტემაა, თუმცა, მანდატების სამართლიანად გადანაწილების წესს ითვალისწინებს. მმართველი გუნდი გერმანულ მოდელზე უარს მისი არაკონსტიტუციურობის მოტივით ამბობს და ოპოზიციას სთავაზობს, 2020-ის არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდეს, რომლითაც პროპორციული სიით 100 დეპუტატი შეირჩევა, მაჟორიტარული გზით კი - 50. მოქმედი სისტემა პროპორციული სიით 77 და მაჟორიტარული წესით 73 დეპუტატის მანდატს ითვალისწინებს. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google