საზოგადოება
ლელა თევდორაშვილი: ვეჯინის ბაღში არსებულ დარღვევებზე გაერთიანებამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა
speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატის „უქმნის თუ არა საფრთხეს ვეჯინის ბაღის აღსაზრდელებს წყლის რეზერვუარი“ - გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მკითხველები აღნიშნავდნენ ვეჯინის ბაღში სხვა უფრო სერიოზული დარღვევებიც იყო, თუმცა ამაზე რეაგირებას არც ბაღების გაერთიანება და არც მერია ახორციელებს.

„საჯაროდ გაგვცეს პასუხი კითხვებზე ესმა სიმონიშვილმა: 1) რატომ ასრულებს მისი თანაშემწე იგივე მოვალეობას, როცა მას 1 იანვარს ბაღების გაერთიანებამ შეუწყვიტა ხელშეკრულება? 2)სად დაკარგა 3,975 კგ ხორცი? 3)რატომ აუყროლდა 3,020 კგ ხორცი? 4)რატომ ჰქონდა შენახული ხორცთან ერთად მოხარშული ხორცის ძვლები? 5)რატომ ჰქონდათ გამზადებული გასაცემად ვადაგასული მაწონი? 6)რატომ არ გასცეს ყველი და რატომ ქონდათ გადანახული, ანუ მეტი ყველი 1,320კგ. 7)რატომ წაიღო და მოხარშა 31 კგ ბანანისგან ჯემი? 8) აღარაფერს ვიტყვი რეზერვუარებზე. ფაქტი სახეზეა. ასევე გვიპასუხოს გურჯაანის მერმა და ბაღების გაერთიანებამ, რატომ არ გაათავისუფლეს ეს მენეჯერი ასეთ კატასტროფულ დარღვევებზე? და რატომ გამანთავისუფლეს მე?“ - წერს ფეისბუქის მომხმარებელი და ვეჯინის ბაღის ყოფილი მენეჯერი თამარ სიბაშვილი, რომელიც სამსახურიდან 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი დარღვევების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
„ვნახე თქვენი სტატია და მინდა გითხრათ, რომ წყლის ავზი სუფთაა. თუმცა ლაბორატორიულ შემოწმებას მაინც ვაკეთებინებთ ხარისხთან დაკავშირებით და რამდენიმე დღეში პასუხიც გვექნება. ერთია, რომ გეუბნებით წყალი სუფთაა და მეორეა რომ დოკუმენტებით დავამტკიცოთ. რაც შეეხება კომენტარში მოხსენიებულ ხორცთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა ჩამონათვალს, სადაც კითხვის ნიშნები ისმება, გეტყვით, რომ ეს დეტალები პირველ რიგში, ბაღების გაერთიანებამ უნდა გაიაროს. თუ მსგავსი რამ დადასტურდება, აუცილებლად მომმართონ და მოითხოვონ აუდიტის სამსახურის ჩართვა. იმ შემთხვევაში თუ აუდიტი დაადგენს გადაცდომას და კანონის დარღვევას, დაიდება შესაბამისი დასკვნა და გვექნება რეაგირება. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრალდებები სიცრუეა.“

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანებამ მონიტორინგი უკვე ჩაატარა.
„სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა მონიტორინგი. დასკვნაში მართლაც არის ასახული გარკვეული სახის დარღვევები, თუნდაც იგივე ხორცთან დაკავშირებით, რასაც თამარ სიბაშვილი აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, მაშინ გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა ფროდიაშვილმა, მყისიერად მოახდინა რეაგირება. ექთანი და მზარეული გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მენეჯერს მიეცა საყვედური. გარდა ამისა, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შენიშვნა გამოუცხადეს ორ აღმზრდელს და მუსიკის მასწავლებელს. ასე რომ, ამ შემოწმებიდან გამომდინარე, გაერთიანებამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რაც ჩვენს მოვალეობაში შედიოდა.“

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / ვეჯინი /