საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



| Print |
FaceBook Twitter Google