საზოგადოება
გურჯაანს ახალი ბაზარი აქვს
გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი“ გაიხსნა და მოვაჭრეების ნაწილი ახლადგარემონტებულ ტერიტორიაზე ვაჭრობას უკვე შეუდგა.

მოსახლეობა ახალ ბაზარში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია. ნინო მარტაშვილის თქმით, ასეთი კეთილმოწყობილი ბაზარი ალბათ კახეთის რეგიონში არ არის.
„კმაყოფილი და გახარებული ვარ. ძლივს გურჯაანს ახალი ბაზარი ეღირსა. მოხარული ვარ, რომ ასეთ ფართო და მოწესრიგებულ სივრცეში მომიხდება ამის შემდეგ ვაჭრობა. იმედია, მოსახლეობაც გაუფრთხილდება იმას, რაც გვაქვს. ყველი და ხორცი დახურულ სივრცეშია და ეს ერთ-ერთი კარგი ამბავია. უფრო სისუფთავე იქნება. ადრე კუნძებზე ძაღლები დადიოდნენ და გული არაფერზე მიმდიოდა.“

ახალი ბაზრით კმაყოფილები არიან მოვაჭრეებიც.
„კმაყოფილი ვართ, სისუფთავე და წესრიგია. დავისვენეთ, არც ფეხი გვისველდება და სახლიდანაც ამის შემდეგ ადამიანურად ჩაცმულები გამოვალთ. ვფიქრობთ, კლიენტიც უფრო მეტი შემოვა და ვაჭრობაც კარგი იქნება. მართალია, ცოტა ფართი პატარაა და ფასები მომატებული, მაგრამ მაინც არ ვართ უკმაყოფილო. თან ტერიტორია ყოველ საღამო დასუფთავდება, ესეც ერთი დადებითი ფაქტორია.“

როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მიმდინარეობს, სველი წერტილების მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობა.

| Print |
FaceBook Twitter Google