საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდა
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საგარეო უწყებამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის მანძილზე შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ცხელ ხაზსა და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 51 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მთავრობა /