საზოგადოება
დაუმორჩილებლობის გამო თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს გურჯაანიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ
კორონავირუსთან დაკავშირებით, გურჯანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 9 მოქალაქეა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი, მარინა კაპანაძე, ვირუსის სიმპტომებზე გვესაუბრება და ამბობს, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პიროვნება 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს.


„ეს არის ჩვეულებრივი ზოონოზური ვირუსი, რომელიც ცხოველებშია და იშვიათად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ასეთი შემთხვევა 2002 და 2012 წლებში და ამჟამად 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში. ის გადამდები გახდა ადამიანიდან ადამიანზე, რადგან გენოტიპი შეიცვალა. კლასიკური შემთხვევის დროს ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ყელის ტკივილი, ანუ ის სიმპტომოკომპლექსი, რაც ახასიათებს ჩვეულებრივ გრიპის გამომწვევ ვირუსს. თუმცა, არსებობს მსუბუქი და უსიმპტომო ფორმები, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს, მაგრამ აქვს დაავადება. ამ დროს ტემპერატურა შეიძლება მომატებული არ იყოს, მაგრამ იყოს ზემოთ ჩამოთვლილთაგანი თუნდაც ერთი ნიშანი. თუ პიროვნება იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მას აღენიშნება ერთი სიმპტომი მაინც, უკვე შესაძლო საეჭვო შემთხვევად მიიჩნევა და უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება. “

მარინა კაპანაძის თქმით, დღესდღეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 9 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.
„თვითიზოლაციაში სულ გვყავდა ცამეტი პირი, ოთხს უკვე მოეხსნა, რადგან თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება თვითიზოლაციის წესებს, ისინი უნდა იყვნენ შეძლებისდაგვარად განცალკევებულები ოჯახის წევრებისგან. ჭურჭელი და თეთრეული უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური. არ უნდა ეკონტაქტებოდნენ ოჯახის წევრებსაც კი. თუ ერთი სამზარეულოთი სარგებლობენ, იქ უნდა შევიდნენ ყველაზე ბოლოს და ამის მერე ჩატარდეს გენერალური დასუფთავება. გურჯაანის რაიონში არსებული რვა პიროვნება იცავს თვითიზოლაციის წესებს, ხოლო მეცხრეა დაუმორჩილებელი, რომელიც გადაეცა პოლიციის განყოფილებას და ისინი საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.“

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები ყოველდღიურად კონტროლდებიან,
„ამ ადამიანებს კონტროლს ვუწევთ 12 და რვა საათზე ტელეფონოგრამით. ვამოწმებთ ხომ არ გრძნობენ თავს ცუდათ, ხომ არ აქვთ რაიმე საეჭვო სიმპტომები. თუ ერთი ნიშანი მაინც გამომჟღავნდება, მოხდება მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში. მოსახლეობა აუცილებელია მოერიდოს საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პიროვნებას, 15 წუთის ახლოკონტაქტი უკვე საკმარისია, რომ დაავადდეს მოპირდაპირე მხარე. ნიღაბი დაავადებულთან ურთიერთობის დროს არ იცავს “

მარინა კაპანაძე მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ თუ მათ გარშემო შეიტყობენ, რომ ვინმე საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, აუცილებლად მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. პიროვნება აუცილებლად უნდა იყოს თვითიზოლაციაში, რათა გარშემომყოფებს საფრთხე არ შეუქმნას.


| Print |
FaceBook Twitter Google