საზოგადოება
მაგთიკომის მიერ 30-ლარიანი პაკეტის შემოღების საკითხს კომუნიკაციების კომისია შეისწავლის
კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება, არის თუ არა გაძვირება - ამ საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეისწავლის. თუმცა, როგორც თავმჯდომარე, კახა ბექაური განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს შუალედურ ინფორმაციას აწვდის.

„კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა და ანალიზი უკვე დაიწყო. წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია“ აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის“ მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას „მაგთიკომისთვის“ ვალდებულებების დაკისრების შესახებ,“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურმა.


მისივე განმარტებით, 25-ლარიანი პაკეტის გაძვირების მცდელობა კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ კომისიამ „მაგთიკომს“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუუქმა და დაავალდებულა, რომ აღნიშნული პაკეტი ძალაში დაეტოვებინა.

ამ დროისთვის 30-ლარიანი პაკეტის პარალელურად აბონენტებს შეუძლიათ 25-ლარიანი პაკეტიდაც ისარგებლონ.


იხილეთ ამავე თემაზე:
"მაგთიკომის“ აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა
მაგთიკომი მობილურ ინტერნეტს აძვირებს

| Print |
FaceBook Twitter Google