საზოგადოება
გურჯაანში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პროდუქტებს სახლში მიუტანენ
იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის განსაზღვრული პროდუქტები, მათ ოჯახებს მოხმარდეს.

როგორც გაერთიანების დირექტორი, ლელა თევდორაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, აღსაზრდელებზე დაახლოებით 132 ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი გადანაწილდება.

„სასურსათო კალათაში ჩვენ განვსაზღვრეთ 10 სახის ძირითადი პროდუქტი, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ეს არის: ხორცი, მაკარონი, ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი, ვერმიშელი, შაქარი და ა.შ. თითოეული კალათი არის 60 ლარის ღირებულების. პროდუქტების გარკვეული ნაშთი გვქონდა, მაგრამ ასევე ნაწილს, პირველ აპრილამდე რაც უნდა შეგვეძნა, შევიძენთ.“

ლელა თვდორაშვილის განმარტებითვე, პროდუქტებს სამი მომწოდებელი დააფასოებს.
„ჩვენ მივაწვდით მოთხოვნას ჩვენს მომწოდებლებს, რომელებიც სხვადასხვა სახის პროდუქტებს დააფასოებენ და ბაღებში მიიტანენ. ჯერ ზუსტად არ ვართ ჩამოყალიბებული, როგორ გადავცემთ სურსათს ბავშვებს. სოფლებში ალბათ მასწავლებლები უზრუნველყოფენ ამ პროცესს, რომლებიც შესაბამისად იქნებიან ჩაცმულები და დაცული იქნება კორონავირუსის პრევენციის მიზნით აუცილებელი ყველა ღონისძიება. რაც შეეხება ქალაქს, მერიას ვთხოვთ, რომ დაგვახმაროს მოხალისეები.“

სასურსათო კალათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 2252 ბავშვს გადაეცემა. 
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google