საზოგადოება
მართვის უფლების მისაღები გამოცდები დროებით შეჩერდება
საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. - აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული რეგულაცია 20 მარტიდან ამოქმედდება. ამავე პერიოდიდან დროებით უქმდება სხვა გარკვეული სერვისების მიწოდებაც.

- მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

- იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავენ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს, გადაუდებელ შემთხვევაში თავი შეიკავონ გარეშე პირების თანხლებისგან.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.
| Print |
FaceBook Twitter Google