საზოგადოება
გურჯაანში მსუბუქი ტაქსით ერთდორულად 2-3 ადამიანის გადაადგილებაა დასაშვები
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მან მთავრობის სხვა რეკომენდაციებთან ერთად აქცენტი გააკეთა, თუ რა ტიპის აკრძალვა მოქმედებს გურჯაანში ამ მიმართულებით. მერიის განმარტებით, სრული აკრძალვა ეხება მიკროავტობუსების მოძრაობას, რადგან შეუძლებელია დისტანციის დაცვა და წარმოადგენს ერთგვარი თავშეყრის ადგილს, რომელიც ქმნის ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს.

„ნაწილობრივი აკრძალვა ეხება ასევე მსუბუქი ტაქსების გადაადგილების საკითხს. ამ შემთხვევაშიც, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტაქსები გარკვეულწილად, ითავსებენ მიკროავტობუსების ფუნქციას და ფაქტობრივად, წარმოადგენენ შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, სადაც დღის განმავლობაში შესაძლებელია მოხვდეს სავარაუდოდ 30-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანი, ამასთან, თითოეულ შემთხვევაში ჯგუფურად - 4-5 ადამიანი, შეუძლებელია დისტანცირება და ვირუსის პრევენციის ფარგლებში უსაფრხთოების ზომების დაცვა. ამიტომ თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობის დაცვიდან გამომდინარე, დავაწესეთ შეზღუდვა და ამ ეტაპზე, დასაშვებია მხოლოდ 2-3 ადამიანის ერთდორულად გადაადგილება, რასაც მკაცრად გააკონტროლებს შსს და მერიის ზედამხედველობის სამსახური. გთხოვთ, აღნიშნულს მოვეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით და დავეხმაროთ ერთმანეთს, ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში.“ -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ მსუბუქი ტაქსის მძღოლებმა speqtri.ge-სთან პირად საუბარში აღნიშნეს, რომ პოლიციისგან მიიღეს გაფრთხილება მუშაობის შეჩერების შესახებ. ასეთივე მითითება მიიღეს იმ მძღოლებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ.

საქართველოს თავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიკროავტობუსების გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google