საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დღეს დაიწყო
დღეს, 10 საათიდან, გურჯაანის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დაიწყო სასურსათო კალათების გაცემა.
როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა speqtri.ge-სთან აღნიშნა, პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

„დღეს და ხვალ გაგრძელდება პროცესი იმ საბავშვო ბაღებში, რომელიც მრავალჯგუფიანია, მაგალითად, ქალაქის ბაღები. თუ რომელიმე მშობელი ხვალაც ვერ მოახერხებს მოსვლას და თავისი კუთვნილი სასურსათო კალათის წაღებას, არ არის პრობლემა, დაუკავშირდნენ აღმზრდელებს და ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ეს სურსათი, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ სასურსათო კალათაში გვაქვს საკვები პროდუქტი, აქედან გამომდინარე, უმჯობესია, მალევე მოაკითხონ.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასურსათო კალათი სახლებში კი არ მიეტანათ, არამედ მშობლები თავად მისულიყვნენ ბაღში.

„ჩვენ როდესაც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ მასიურად ოჯახებში შესვლა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ იქნებოდა გამართლებული. თუმცა, ვიცით, რომ რამდენიმე მშობელი ვერ ახერხებს მოსვლას და გამონაკლისის სახით, მათ მივუტანთ სახლში. აქვე აღსანიშნავია, რომ მშობლებს ვთხოვეთ, ჰქონოდათ პირბადეები და ხელთათმანები, ისინიც სწორედ ასე აღჭურვილები მოდიან, ასეთივე ჩაცმულები არიან ჩვენი თანამშრომლებიც. გარდა ამისა, სოციალურ დისტანციას იცავენ საბავშვო ბაღის ეზოშიც.“

საბავშვო ბაღის ეზოებში დახაზულია წრეები, რა დისტანციეზეც უნდა იდგნენ იქ მყოფები.

გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, აღსაზრდელებზე დაახლოებით 132 ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი გადანაწილდა. სასურსათო კალათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 2252 ბავშვს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, 2 მარტიდან საბავშვო ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.


გამოყენებულია გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ფოტოები

| Print |
FaceBook Twitter Google