საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

„სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“.
მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“.

იმ დროს მარიამი მხოლოდ დანიშნული იყო იოსებზე, როდესაც მან გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
„იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია და ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
| Print |
FaceBook Twitter Google