საზოგადოება
პლატფორმა მათთვის, ვისაც კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმა სურს
მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის მიერ დაწესებული სუბსიდია კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე.

ორგანიზაციამ ამისათვის სპეციალური პლატფორმა შექმნა.

სემეკის ინფრომაციით, პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ. სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

„რადგან კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. ამასთანავე, თუ მოქალაქეებს, არ სურთ შეღავათით სარგებლობა, აღნიშნული სურვილის დაფიქსირება შესაძლებელია ერთიანად - სამივე თვეზეც.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამისათვის საჭიროა მოქალაქეების მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსება, რის შემდეგაც, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსონ.


| Print |
FaceBook Twitter Google