საზოგადოება
ვინ მიიღებს დახმარებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან
გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს მოსახლეობისთვის სასურსათო კალათების გადაცემა. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 600 ლარია გამოყოფილი. პირველ ეტაპზე დახმარებას 2 000 ოჯახი მიიღებს.

„პირველ ეტაპზე შეირჩა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები როგორც სოციალურად დაუცველთა ჯგუფებიდან, ისე მარტოხელა ასაკოვანი კატეგორიის მიხედვით, ზოგიერთი არის მარჩენალდაკარგული ან მარტოხელა დედა, მაგრამ ძირითადად აქცენტი გაკეთებულია უკიდურესად სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებზე. სასურსათო კალათები გადაეცემა როგორც საარსებო შემწეობის მიმღებებს, ასევე ისეთებსაც, რომლებსაც არ აქვთ ეს დახმარება, მაგრამ მათი სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში ძალიან მცირედით განსხვავდება საარსებო შემწეობის მიმღებისგან. ამას უკვე განსაზღვრავენ საკრებულოს წევრები და სოფლებში მერის წარმომადგენლები. ამ ოჯახების საჭიროებები მათ მიერ იყო შეფასებეული. ძირითადი მიმღებები, უფრო მეტი პროცენტით, მაინც არიან 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პირები და სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, სოფიკო ქუმსიაშვილმა.

მისივე თქმით, თითოეული სასურსათო კალათი დაახლოებით 50 ლარის ღირებულებისაა და 9 დასახელების პროდუქტს მოიცავს. მათ შორისაა: წიწიბურა, მაკარონი, ლობიო, ზეთი, ე.წ. ტუშონკა, ფქვილი, შაქარი და სხვ.

სოფიკო ქუმსიაშვილის თქმით, აქცია კიდევ გაგრძელდება და შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებული იქნება სხვა კრიტერიუმები. დახმარების მიმღებთა შორის იქნებიან ასევე შშმ პირები.


ფოტო: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |
FaceBook Twitter Google