საზოგადოება
იმიტომ, რომ დამშვიდდეს ვინმე, შეიძლება თავს ვიდოთ ეს შრომა - მეუფე დავითი კორონავირუსზე ტესტირების შესახებ
აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა დღეს ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირების შესაძლო სწრაფი ტესტირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს პატრიარქთან ერთად განიხილავენ. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში სინოდის წევრების საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა იგეგმება.

"სპეციალისტების შეფასებით, სწრაფი ტექსტი არ არის სანდო და უკეთესია ლაბორატორიული ტესტი. თუ აუცილებელი იქნება, ჩატარდეს ლაბორატორიული ტექსტი საერო და სასულიერო პირებისთვის, ჩვენთვისაც საინტერესოა, ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ჯერ ამაზე გადაჭრით პასუხი არ არის და თუ საქართველოს კათოლიკოს პატრიართან შეხვედრა იქნება და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, იქ ვიმსჯელებთ.
იმიტომ, რომ დამშვიდდეს ვინმე, შეიძლება თავს ვიდოთ ეს შრომა. ბევრ ადამიანს ვხვდებით და რისკ ჯგუფს რომ მივეკუთვნებით, ესეც ფაქტია. სიმშვიდე ყველაზე უკეთესია და ვინც მშვიდად ღვთისადმი იმედით იქნება, მგონია ყველა განსაცდელს გადარჩება,"- აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 60.

ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს საყოველთაო კარანტინი და საკომენდანტო საათი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google