საზოგადოება
სასაფლაოები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დაიკეტება
ხვალიდან კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სასაფლაოები 10 დღის განმავლობაში დაიკეტება. რეგიონის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი.

„დღეს გაიმართა კახეთის რეგიონალური საოპერაციო შტაბის სხდომა რვავე მუნიციპალიტეტის მერების მონაწილეობით, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 10 დღის განმავლობაში, კახეთის მასშტაბით რვავე მუნიციპალიტეტში დაიხურება მუნიციპალური სასაფლაოები. წვდომა იქნება მაქსიმალურად შეზღუდული და მოვუწოდებ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი სასაფლაობზე გასვლისაგან, რადგან სასაფლაოები იქნება დაკეტილი და გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე. სოციალური ქცევის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, მიღებული იქნება სანქციები, ჯარიმები.“

მისივე განცხადებით, ამ დღეებში კახეთში თბილისიდან და სხვადახვა რეგიონიდან დიდი რაოდნობით მოსახლეობა შემოვიდა და ეს ღონისძიებები ემსახურება, რომ აცილებული იყო პანდემიის შესაძლო კერების გაჩენა.
„დღემდე რომ კახეთი ვინარჩუნებდით ამ მხრივ სისუფთავეს, ჩვენს ქცევაზე არის დამოკიდებული, რამდენად გააგრძელებს ეს რეგიონი თავის სუფთად შენახვას.“

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


| Print |
FaceBook Twitter Google