საზოგადოება
წელს აღდგომა სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში სერიოზული შიდაგავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუკი არ შევასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გასცემს საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი. ის მოსახლეობას რეკომენდაციებით და თხოვნით მიმართავს.

„ამ დაავადების წინააღმდეგ არ არის ვაქცინა და არ იქნება წლის ბოლომდე. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში. მე მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა. ამისთვის ერთი იარაღია მხოლოდ, რომ ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილზე, იქნება ეს სახლში, სხვაგან სადმე თუ ჩვენთვის ყველასთვის სალოცავ ტაძრებში. ეს 4 დღე კრიტიკულია და მომავალი ასევე შვიდი დღე, ბრწყინვალე შვიდეულის დღეები, როდესაც ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და პატივს მივაგებდით მათ ხსოვნას. ისინი ლოცულობენ იმისთვის, რომ არ დაგვემართოს ის რაც სხვა ქვეყნებს დაემართა. ჩვენ ქართველებს ეს არ გვჭირდება. ძალიან გთხოვთ, რომ ვიყტოთ განსაკუთრებულად ფრთხილად მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში, რომ ასე დუნე ტემპით წავიდეს ინფექციის მატება, ამას მოერევა ქვეყანა, ჩვენი ექიმები განკურნავენ მათ და სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია. ჩვენ ისევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ დიდ გამოწვევაზე, რომელიც მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის წინაშეა. დაგვიჯერეთ დღესაც ექიმებს.“








| Print |
FaceBook Twitter Google