საზოგადოება
კახეთში ბოლო დროს ჩამოსული პირების მონიტორინგი იწყება
დღეიდან კახეთის ყველა სოფელსა და ქალაქში იმ მოქალაქეების შემოწმება იწყება, რომლებიც რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში ჩამოვიდნენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მონიტორინგი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლების, ადგილობრივი მერიისა და სოფლის ექიმების დახმარებით განხორციელდება.

„შევისწავლით ეს ადამიანები საიდან ჩამოვიდნენ, ხომ არ არიან რისკის მქონე დასახლებიდან წამოსული. გამოვიკითხავთ, აღენიშნებათ თუ არა ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი. ასევე შევისწავლით მათ კონტაქტებს და კითხვარის გამოყენებით ყველა იმ ინფორმაციას მოვიძიებთ, რაც გამოგვადგება პრევენციისთვის. სრული სურათი სავარაუდოდ სამშაბათს გვექნება“.


აქვე შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან ლუგარის ცენტრში კიდევ გადაიგზავნა ანალიზები, რომელთა პასუხებიც ხვალ იქნება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google