საზოგადოება
აგრარული ბაზრების უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს - ლევან დავითაშვილი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიციკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას, ეს პირობები თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა საბითუმომ თუ საცალომ უნდა დააკმაყოფილოს. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით 80 აგრარული ბაზრია რეგისტრირებული, თუმცა, უმრავლესობა ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. შესაბამისად, ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც გაწერილია ამ გაიდლაინებში. ეს ეხება, როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე ეხება პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობას, ეს ეხება სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში“,- ამბობს ლევან დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, ბაზრების გახსნა ეტაპობრივად მოხდება. მუნიციპალიტეტებში ბაზრების გახსნის გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, იღებს შტაბიც, რომელსაც მხარის რწმუნებულები ხელმძღვანელობენ.

„მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში, ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომლებიც ამ მომენტისთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი აგრარული ბაზარი მუშაობდა იმ წესების დაცვით, რომლებიც იყო გაწერილი. ბაზრები, რომელებიც აკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს, ისინი, რა თქმა უნდა, კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საბოლოო გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, იღებს ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეულ რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჭრობა განაახლა თელავის აგრარულმა ბაზარმა, თუმცა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაცია ნორმების დაუცველობის გამო, 3 ათასი ლარით დააჯარიმა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, მოვაჭრეებს დღის ბოლომდე მისცეს პროდუქტის ამოყიდვის ნება და ბაზარი კვლავ დაიხურება გაურკვეველი ვადით.
რეგიონში ასევე დაკეტილია გურჯაანის ბაზარიც, რომელიც ერთ თვემდე ვერ გაიხსნება.
| Print |
FaceBook Twitter Google