საზოგადოება
"წითელი ჯვრის" სიღნაღის ფილიალი მოხალისეებს იწვევს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ფუნქციონირება, სანამ ქვეყანაში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოვლინდებოდა. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე კი, ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. თუმცა, იმისთვის, რომ საქმე უფრო ეფექტურად შეასრულონ, მეტი მოხალისე სჭირდებათ.


წითელი ჯვრის სიღნაღის ფილიალის მოხალისე, ნიკა ჯავაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საჭიროა მეტი ადამიანის ჩართულობა, რათა უკეთ გაართვან თავი გამოწვევებს და ბოლომდე მიიყვანონ „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა.

„ორგანიზაციაში მოხალისედ დარეგისტრირება მარტივია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ერთსაათიანი ონლაინ სასწავლო კურსის გავლა ბენეფიციარებთან უსაფრთხო ურთიერთობის შესასწავლად. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 22 მაისამდე გაგრძელდება. როგორც ყველამ ვიცით, კახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამიტომ მოხალისეების და ქველმოქმედი ადამიანების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რომ ამ სტატისტიკაში ციფრი ნული შევინარჩუნოთ.“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის სიღნაღის ფილიალის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 80 ამანათი უკვე გადაეცა ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს.

პარალელულად, ადგილობრივ მაღაზიებში კეთილი ადამიანების ქველმოქმედებით მოგროვდა საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები, რომელიც 32 გაჭირვებულ ოჯახს გადასცეს.

ასევე, მოხალისეები ჩართული არიან უპოვართათვის სადილის სახლში მიტანის აქციაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს "წითელი ჯვრის საზოგადოების" და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მემორანდუმი ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში გაფორმდა. მშვიდობიან პერიოდში მათი საქმიანობა სხვადასხვა საქველმოქმედო, შემეცნებითი და ჯანდაცვის აქციებით ხორციელდებოდა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ აღნიშნულ ლინკზე.

















| Print |
FaceBook Twitter Google