საზოგადოება
„ნაციონალური დელიკატესი“-საწარმო დედოფლისწყაროში გუბრნატორმა და დეპუტატმა მოინახულეს
დედოფლისწყაროში არსებული საწარმო „ნაციონალური დელიკატესი“ 10 დასახელების კვების პროდუქტს უშვებს, რომელიც ჰერმენტულად დაცულ პაკეტებშია განთავსებული და ხელმისაწვდომია ქსელურ მარკეტებში.
კომპანია ასევე აწარმოებს საველე ულუფებს, რომლითაც ამარაგებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. როგორც საწარმოს დირექტორი ამბობს, აღნიშნული პროდუქცია ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. კომპანია პანდემიის პირობებშიც რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებს მუშაობას და 35 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

„ჩვენი საწარმო „ნაციონალური დელიკატესი“ უკვე მესამე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ვაწარმოებთ სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც მხოლოდ გაცხელება სჭირდება. არის სრულიად ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული და არანაირი დანამატები და გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ სჭირდება.

ვაწარმოებთ ძირითადად ქართულ ნაციონალურ კერძებს, როგორიც არის ლობიო, ლობიო ლორით, მწვადი, ლორი და სხვ. ამ ეტაპზე სულ გვაქვს ათი ძირითადი კერძი. ასევე ვაწარმოებთ საველე ულუფებს, რომლის ძირითადი მომხმარებლებიც არიან ქართველი ჯარისკაცები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამ დროისთვის დასაქმებული გვყავს 35 ადამიანი, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება აქტიურად ვიმუშავოთ და უფრო მეტი ადამიანის საჭიროება გახდეს, რომ დავასაქმოთ. პანდემიის მიუხედავად, საწარმოო პროცესი არ შეგვიჩერებია. შეფერხებები იყო, მაგრამ ვფიქრობთ, მაისიდან აქტიურად ვიმუშავებთ “, – აღნიშნა ოთარ სიმონიშვილმა.

დღეს დედოფლისწყაროში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შიოლაშვილმა მოინახულეს. სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის საწარმო წარმატებით ოპერირებს არამარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ექსპორტზე გასვლის საკმაოდ კარგი პოტენციალიც გააჩნია.

„ეს არის ქართული წარმოება. პროდუქცია იყიდება არა მხოლოდ საცალო ბაზარში, არამედ ამ პროდუქტებით აქტიურად სარგებლობს საქართველოს თავდაცვის ძალები. ამჟამად ამზადებენ პროდუქციას და საკვებ ულუფებს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და მეხანძრეებისათვის. ჩვენ გვაქვს წარმოება, რომელიც სწრაფი კვების პროდუქციით ამარაგებს ჯარს, სამართალდამცავ სტრუქტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საწარმოს აქვს განვითარებისა და ზრდის ძალიან კარგი პოტენციალი. ამჟამად აქ 35 თანამშრომელია, პიკურ პერიოდში კი 50-მდე ადამიანს ასაქმებენ.

ასეთი საწარმოები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი სასურსათო ბაზრის მომარაგებისთვის და პერსპექტივაში ექსპორტზე გასატანადაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობს. სამუშაო სივრცეში, თითოელი მათგანი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით: ხელთათმანებით, პირბადეებითა და ფარებით. როგორც იქ დასაქმებული პერსონალი ამბობს, მუშაობის პროცესში იცავენ დისტანციას. მუდმივად ხდება სამუშაო ინვენტარის დეზინფექციაც.

| Print |
FaceBook Twitter Google