საზოგადოება
მოსახლეობა თუშეთის გზის აღდგენას ითხოვს
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალი ზვავისგან და ჩამოსული მეწყერისგან ისევ ჩაკეტილია, ამიტომ მეცხვარეები მთაში ცხვრის გადარეკვას ვერ ახერხებენ.

ამის გასაპროტესტებლად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი ფშაველი-აბანო - ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

მათი თქმით, კომპანია, რომელიც გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება და კონტრაქტორი კომპანიის შპს "ენერჯი გრუპის" დირექტორი შეხვდნენ. გიორგი წიკლაური, მძიმე ტექნიკის შეჩერების მიზეზად მთაში ზვავსაშიშროებას და რისკებს ასახელებს. ამ დროისთვის უკვე მობილიზებულია ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა და მზად არიან სამუშაოები ორშაბათიდან განაახლონ.

"ჩვენ ინტესიურად ვწმენდდით გზას და გეგმას ვუსწრებდით, მაგრამ 5 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელი და დაზიანდა ტექნიკა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფმა ვითარება შეისწავლა, იყო ზვავსაშიშროება და უბედური შემთხვევის დიდი რისკი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები მანამდე შეწყვეტილიყო, სანამ მთაში სამუშაოების გასაგრძელებლად უსაფრთხო გარემო არ შეიქმნებოდა. მალევე ავიყვანეთ ოთხი ერთეული ტექნიკა, რომელიც სრულ წესრიგშია და გზის გაწმენდას ორშაბათიდან განვაახლებთ,"- ამბობს გიორგი წიკლაური.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარაუდობენ, თუშეთის გზა 5 ივნისიდან გაიხსნება.


| Print |
FaceBook Twitter Google