საზოგადოება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, გახდა შესაძლებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო და უზენაესი საბჭოს არჩევნები დაენიშნა.


1990 წელის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ ხელში.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეთა 98.9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მოსახლეობის 90.3 % მონაწილეობდა.

ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია - ზვიად გამსახურდია.

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.


| Print |
FaceBook Twitter Google