საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტის მერია კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციარებს 10 ათასი ლარით დააფინანსებს
თელავის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებაა, რომლის შესახებაც დღეს საკრებულომ იმსჯელა და პროექტს მხარი დაუჭირა.
საკითხი ეხება კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადაფინანსებას.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, გიორგი ენუქიძე განმარტავს, კოხლეარული იმპლანტი გამოცდილი და ხარჯთეფექტური მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელსაც „ხელოვნურ სმენას“ უწოდებენ.

ჯანდაცვის მიმართულებით ახალი ქვეპროგრამის დამატებამ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება გამოიწვია, რომელსაც საკრებულომ ასევე დაუჭირა მხარი.

„იმპლანტი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ციფრული ტექნოლოგია, ცვდება და 5 წლის განმავლობაში მოხმარების შემდეგ საჭიროა მისი ჩანაცვლება. გარდა ამისა, იმპლანტის მოხმარება დაკავშირებულია მუდმივ ხარჯებთან, როგორიცაა ელემენტები და სადენები, რომლებიც ხშირად ზიანდება. არსებული სახელმწიფო პროგრამებით მსგავსი ხარჯები არ იფარება, ამიტომ ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის, ახალგაზრდის სათანადო მხადაჭერას. თელავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებულია კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 2 პირი, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ გარე პროცესორის შეცვლას. ღირებულება კონკრეტული პროცესორის შემთხვევაში შეადგენს 19 800 და 18 550 ლარს.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას თითოეულ ბენეფიციარზე 10,000 ლარის ოდენობით. შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიზნობრივად 20 000 ლარით იზრდება“, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობა და მათი საზოგადეობაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.



| Print |
FaceBook Twitter Google