საზოგადოება
ცოფის ნიშნები არ ჰქონდა ძაღლს-სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი
დღეს დილით გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლებმა ძაღლი შენიშნეს, რომელსაც საყურე ნიშანი არ ჰქონდა, პირიდან ქაფი სდიოდა და მოძრაობაც უჭირდა.

მათ დასახმარებლად speqtri.ge-ს მიმართეს, რის შემდეგაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით.
სამსახურის უფროსი, რამაზ ქიტიაშვილი და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, გელა ოტიაშვილი სიტუაციაში გარკვევას ადგილზე შეეცადნენ.

„იქ მისულებს მომაკვდავი ძაღლი დაგვხვდა, რომელიც ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. მოსახლეობა, თუ ვინმეს ამ ძაღლთან შეხება ჰქონდა, შემიძლია დავამშვიდო, რომ მას ცოფის დამახასიათებელი კლინიკული ნიშნები არ აღენიშნებოდა, არ იყო აგრესიული,“ - გვითხრა გელა ოტიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უფროსის თქმით, დღის განმავლობაში დასუფთავების სამსახურის მანქანა ძაღლს დასამარხად გადაიტანს.

გურჯაანში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, თუმცა, 2019 წლის ოქტომბერში უკვე დაიწყო ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა. ამისათვის გურჯაანში, სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სამუშაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასრულდება.

რაც შეეხება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის თქმით, უფასო აცრები დღემდე მიმდინარეობს. მისი განმარტებით, მოქალაქეს შეუძლია, ძაღლი მიიყვანოს გურჯაანის ოფისში, ან საჭიროების შემთხვევაში ჯგუფი ადგილზე გამოიძახოს, რის შემდეგაც ცხოველს აცრა უფასოდ ჩაუტარდება.

დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 591 99 65 20


| Print |
FaceBook Twitter Google