საზოგადოება
ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებული სიფრთხილის საჭიროებას.

კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.
| Print |
FaceBook Twitter Google