საზოგადოება
ჩუმლაყის საბითუმო ბაზარი გაიხსნა
დღეს ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. ბაზრის ტერიტორია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა მოინახულა. მისი განმარტებით, წელს ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა. წელს 35 ათას ტონაზე მეტს ველოდებით. მუშაობს 20 სამაცივრე მეურნეობა. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ფერმერს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნას. ჩემი ჩამოსვლის მიზანია, შევხვდე როგორც ფერმერებს, ისე სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებს და ავუხსნა, თუ როგორ მართონ ნაკადები და დაიცვან ყველა რეგულაცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონავირუსი არსად წასულა და უნდა ვიმუშაოთ იმ რეჟმით, რასაც უსაფრთხოების პროტოკოლი მოითხოვს.“

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ბაზარი ყველა დაწესებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
„ბაზარი მოეწყო ახალი რეგულაციების მიხედვით. ტარდება თერმოსკრინინგი, დეზინფექცია და სხვა საჭირო პროცედურები. წლებია გვერდში ვუდგევართვ როგორც ფერმერებსვ ისე ექსპორტიორებსვ რომ პროდუქცია გაიტანონ უცხო ქვეყნებში და შეფერხება არასდროს გვქონია. გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე განლაგებული ატმის სარეალიზაციო ადგილები უნდა გაუქმდეს, რადგან სიცოცხლისთვის საშიშია. ამ ბაზარში კი ყველანაირი პირობაა როგორც ფერმერებისთვის, ისე მყიდველისთვის.“

რაც შეეხება ბაზარში შესვლის საფასურს, ეს საკითხი ჯერჯერობით გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე ზუსტად არ არის განსაზღვრული, ფასიანი გახდება თუ არა. არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.






| Print |
FaceBook Twitter Google