საზოგადოება
უსაფრთხო გარემო ჯანმრთელი მომავალი - შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული რესტორნების, სტომატოლოგიური კლინიკებისა და სალონების მეპატრონეებთან შეხვედრა გამართა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებას თბილისიდან ჩამოსული სხვადასხვა დარგის კვალიფიციური ექიმები უძღვებოდნენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ჯანმრთელი გარემო.
„სერიოზული გამოწვევა, როგორც საქართველოში, ისე მთელ ქვეყანაში არის მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ჯანმჯრთელობის დაცვის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ იდეა დღევანდელი შეხვედრის - „უსაფრთხო გარემო - ჯანმრთელი მომავალი“ სწორად განსაზღვრავს იმ პრობლემას, რასაც ჩვენ ვაწყდებით. ჯანმრთელ გარემოს ძალიან ბევრი შემადგენელი ნაწილი აქვს. ეს შეიძლება იყოს დაწყებული ვაქცინაციიდან, დასრულებული კვების რეჟმით. დღეს შევხვდით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ჩამოსვლის მიზანი და მათგანაც მოვისმინეთ კითხვები იმის შესახებ, რაც აინტერესებდათ. დეტალურად განვიხილეთ, თუ რას ნიშნავს ჯანმრთელი გარემო ოჯახისთვის. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა იყო პოზიტიური და ინფორმატიული.“

ჯანმრთელობის ფედერაციის თავმჯდომარის, ოთარ ჩოკოშვილის თქმით, მათ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა დაავადებები შეიძლება გავრცელდეს გარემოში და როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია.
„აქ იყვნენ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ მომხმარებელთან. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაატარონ სწორად გარკვეული პრევენციულოი ღონისძიებები, გადავეცით სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც გარემოდან ვრცელდება, გავაცანით ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები. მე ვარ ეპიდემიოლოგი და ვისაუბრე სხვადასხვა დაავადებაზე მათ შორის შიდსზე, ჰეპატიტზე და ა.შ. ასევე, მათ გავრცელებასა და პრობლემატიკაზე. “

გურჯაანში არსებულ სალონ „ლაჟოლის“ მფლობელი ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს.
„ძალიან მრავალფეროვანი შეხვედრა იყო. ექიმებმა ბევრ ისეთ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს, რაც საჭირო და აუცილებელია ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის. კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად გაიმართება მსგავსი შეხვედრები.“

დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სადეზინფექციო ხსნარები და სერტიფიკატები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google