საზოგადოება
ჯილეხის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ახორციელებს.


უწყების ინფორმაციით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აღინიშნება დაავადების გამოვლინების კლების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით შემთხვევები ცხოველებში 98%-ით, ხოლო ადამიანებში 87%-ით შემცირდა.

მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინირებულია – 806 244 სული დაავადების ამთვისებელი (მსხვილფეხა, წვრილფეხა კენტჩლიქიანი) ცხოველი.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები, ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დასნებოვნება ძირითადად ხდება დაავადებული ცხოველის დაკვლის და მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია.

ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. დაავადების საეჭვო ნიშნებია მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა დიარეა, ლორწოვანი გარსის შეშუპება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ცხოველს დაავადების ნიშნების გამოუვლინდა, დაუკავშირდნენ სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს. დაუშვებელია დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება, რაც იწვევს ახალი კერის წარმოქმნას.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ჯილეხი /