საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები დაზუსტდა.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე გამოცდის ჩატარების წესებში ახალი დაზუსტება შევიდა: მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

ასევე ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:
ფიზიკური დისტანცია;
ხელების ჰიგიენის დაცვის წესი;
რესპირატორული ეტიკეტი;
ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე;
აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია.



შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:
საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C-ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი:

სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
კონდიციონერის მუშაობისას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google