საზოგადოება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
დღეს მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 26 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებაშია აღნიშნული.

ბრძანების თანახმად, 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

„1. მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2020 წლის 3 აგვისტოდან 2020 წლის 26 დეკემბრამდე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1432-ით.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1420-ით.
5. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 235-ით.
6. საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის
მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება”, – წერია პრემიერის ბრძანებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google