საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.

საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მომდევნო დღეს, პარალელურად საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

8 აგვისტოს - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვი ჩამოაგდო; რუსულმა СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი.

9 აგვისტოს - დაიბომბა ფოთის პორტი, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობი ჭურვები ჩამოვარდა.

10 აგვისტოს - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა,

11 აგვისტოს - გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური დაიბომბა; რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კოდორის ხეობა დაბომბეს (ზემო აფხაზეთი); რუსულმა თვითმფრინავებმა ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან) დაბომბეს. დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო; ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს) დაიბომბა; დაიბომბა კოდორის ხეობა;

12 აგვისტოს კი - რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი დაბომბეს.

| Print |
FaceBook Twitter Google