საზოგადოება
რუსულ ენაზე განთავსებული გადაცემების გამო ობიექტივი 5 000 ლარით დააჯარიმეს
კომუნიკაციების კომისიამ მედია-კავშირი „ობიექტივი“ ეთერში რუსულ ენაზე გაშვებული გადაცემების გამო 5000 ლარით დააჯარიმა და დაავალდებულა პროგრამა სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს.

„საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად“, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები არასახელმწიფო ენაზე განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს.

ამასთან, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს.

მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.
| Print |
FaceBook Twitter Google