საზოგადოება
მართლმადიდებლური სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.

ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის საშუალებით ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. ის მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

შემორჩენილია მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საეკლესიო საგალობელი.

28 აგვისტო საქართველოში დასვენების დღედ არის გამოცხადებული.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მარიამობა /