არჩევნები
საკმარისია თუ არა გენდერული კვოტირება პოლიტიკაში ქალების გასააქტიურებლად
კახეთის #9 საარჩევნო ოლქში, რომელიც გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს მოიცავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 19 კანდიდატია რესგისტრირებული, მათგან 4 ქალია და 15 კაცი.
პარტიას „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ კანდიდატად ელენე ქურთიაშვილი ჰყავს წარდგენილი, „საქართველოს“ თამარ ფხოველშვილი, „ქართულ ფესვებს“ - ია გოდერძიშვილი, „ლელო - მამუკა ხაზარაძის“ პარტიას კი - ეკატერინე ქვლივიძე.

რაც შეეხება #10 მაჟორიტარულ ოლქს, სადაც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებია გაერთიანებული, დეპუტატობისთვის 17 კანდიდატი იბრძვის, საიდანაც ასევე 4 ქალია. „საქართველოდან“ ლალი ბუნტური, „შეცვალე საქართველოდან“ - ზიზი გაგნიძე, , „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასიდან“ - ლეილა ხარაიშვილი და „თავისუფალი საქართველოდან“ - მაია წერეთელი.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად, მიმდინარე წლის ივლისში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა. განისაზღვრა განსაკუთრებული დროებითი ზომები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალებსა და კაცებს შორის ქართულ პოლიტიკაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრას.

ცვლილების მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სია იმგვარად უნდა შეედგინათ, რომ ყოველ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესი ყოფილიყო წარმოდგენილი. თუ პარტიის მიერ არ იქნებოდა დაცული სქესთა შორის ბალანსი, მას სია ხარვეზის შესავსებად უბრუნდებოდა. თუ რომელიმე პარტიას ხარვეზი მაინც დაუფიქსირდებოდა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.

ასევე, თუ საარჩევნო სუბიექტი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთ განსხვავებულ სქესს მაინც გაითვალისწინებს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, მას ფინანსურად წაახალისებენ.

პარტიული სია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ 50-მა პარტიამ წარადგინა, მათგან პირველ ნომრად ქალი მხოლოდ რვა პარტიას ჰყავს დასახელებული, ძირითადად მათ, სადაც პარტიული ლიდერები ქალები არიან. “პატრიოტთა ალიანსს“ ირმა ინაშვილი ჰყავს პირველ ნომრად, „ერთიან დემოკრატიულ მოძრაობას“ - ნინო ბურჯანაძე, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - ხათუნა ქოიავა, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ჩვენი საქართველო“ - მარიამ ჯაში, პარტიას „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია, „ანა რეხვიაშვილი სახალხო მოძრაობას“ თავად პარტიის ლიდერი ჰყავს წარდგენილი, მე-5, მე- 6, მე-7 ნომრებიც ქალები არიან.

ქალების სიმრავლით გამოირჩევა პარტია „არჩევნები სამშობლოსთვის“ პარტიული სია, პირველ სამეულს სწორედ ამ სქესის წარმომადგენლები შეადგენენ, სიაში მეექვსე და მეშვიდე ნომრებიც სწორედ ქალები არიან.

როგორც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრი, ირმა პავლიაშვილი ამბობს, სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, თუმცა ეს საკამრისი მაინც არ არის.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გათვალისწინებული პარტიული სიის ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატი მთლიანი საპარლამენტო შემადგენლობის მხოლოდ 20%-ია. 2016 წლის არჩევნების შედეგად კი საპარლამენტო მანდატი სავალდებულო კვოტის გარეშე მოიპოვა 24-მა ქალმა, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 16 %-ია. საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და მათი შიდა დემოკრატიის განვითარება. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი და მათი პოლიტიკური ნებაა დაბალანსებული საარჩევნო სიების წარდგენა. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიების კულტურის და შიდა დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში. სტაბილური და ძლიერი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების გარეშე, რომლებიც მეტად ითავისებენ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და საკუთარ როლს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, წარმოუდგენელია გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყანაში.”- გვეუბნება ირმა პავლიაშვილი.

კვლევების თანახმად, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით, მხოლოდ საარჩევნო კვოტების არსებობა საკმარისი არ არის.  მისი ეფექტურობისთვის სამი მახასიათებლის არსებობაა აუცილებელი: სასურველი რაოდენობის მინიმალური სტანდარტი, ანუ კვოტების პროცენტულობა, სიაში განთავსებისა და ჩანაცვლების წესის დაცვა და მკაცრი სანქცია (რეგისტრაციაზე უარის თქმა ან მაღალი ფინანსური ჯარიმა).
ქვეყნებს, რომელთაც სამივე კრიტერიუმი დაცული აქვთ, არჩევით ორგანოებში ქალთა მაღალი წარმომადგენლობა ფიქსირდება. მაგალითად: ბელგია - 39,3%, ესპანეთი - 39,7%, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია - 35%, სლოვენია - 35,3% და პორტუგალია - 33%.




| Print |
FaceBook Twitter Google