საზოგადოება
გუშინდელ აქციაზე 14-მდე სამართალდამცავი და სამი ჟურნალისტი დაშავდა
შსს–ს განცხადებით, 8 ნოემბერს აქციის დროს, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები 14-მდე სამართალდამცველმა,მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ მიიღო.

დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. უწყების განცხადებით, გუშინ, თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. რის გამოც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google