საზოგადოება
დღეს დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 7 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო და იმპერატორ მაქსიმინეს დროს ცხოვრობდა. იმპერატორი მაქსიმინე ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე ადამიანებს მსხვერპლად სწირავდა - ქრისტეს აღმსარებლებს დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში. ეკატერინემ იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა და აღიარა თავისი სარწმუნოება. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ისინი იმპერატორის ბრძანებით ცეცხლში დაწვეს.

ამის შემდეგ, იმპერატორმა საპყრობილეში გამოამწყვდია ეკატერინე. ეკატერინე სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ, კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. წმინდანმა ისევ აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. ეკატერინემ ლოცვა აღავლინა და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. მის თავსა და მარცხენა ხელს VI საუკუნეში, ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებულ სინას ტაძარში გადააბრძანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google