საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საგარეჯოში კორონავირუსთან დაკავშირებით ბროშურები დაურიგეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კორონავირუსის შესახებ ორენოვანი (ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენაზე) მომზადებული ბროშურები დაურიგეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ საინფორმაციო მასალები კარდაკარ პრინციპით გაავრცელა.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. ორენოვანი ბროშურები კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.“

შეგახსენებთ, რომ COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების თვალსაზრისით ეს მორიგი კამპანიაა. პანდემიის პირველი ტალღის დროს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მაღაზიებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული საინფორმაციო პლაკატები გამოაკრეს.


| Print |
FaceBook Twitter Google