საზოგადოება
ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება- გიორგი გახარია
ეს წელი იყო რთული თითოეული ჩვენგანისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

„ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე - პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად.“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google