საზოგადოება
გურჯაანში კულინარიული სკოლა 2022 წელს გაიხსნება
გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების სკოლა დაფუძნდება. აღნიშნული პროექტი ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით და პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით განხორციელდება.

დავით სონღულაშვილის განმარტებით, საქართველოში იმყოფებოდა ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ერთობლივი პროგრამების შემუშავება და დანერგვა.

ბასკეთის კულინარიული ცენტრის მენეჯერმა, ალბერტო როდრიგეზმა კახეთში ტურისტული ობიექტები მოინახულა და კვების ობიექტების შეფ-მზარეულებს შეხვდა.

„კულინარიული სკოლის ირგვლივ ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა, რომლის შედეგად ბასკეთის კულინარიული აკადემიის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ კულინარიული სკოლა სწორედ გურჯაანში აშენდება. აკადემია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელსაც ბასკეთის აკადემიის წამყვანი შეფები განახორციელებენ. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასტრონომილი ტურიზმის განვითარებას და ქართული გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით“, – ამბობს დავით სონღულაშვილი.

ახალ პროექტსა და თანამშრომლობის გეგმებზე შეხვედრა ასევე გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

„ახალ პროექტზე და მომავალ თანამშრომლობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან თამარ ქიტიაშვილთან და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გავმართეთ, რომლის ფარგლებშიც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ სკოლასთან თანამშრომლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში სამინისტრო მხარეებს სრულ მხარდაჭერას უდასტურებს.“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.


პროექტი, ქალაქ გურჯაანში, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება და 2022 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

კულინარიული სკოლის პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისათვის.
| Print |
FaceBook Twitter Google