არჩევნები
წინასაარჩევნო დარღვევები კახეთში
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა და დარღვევებიც გამოიკვეთა. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)-ის მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიშიდან ჩანს, ყველაზე მეტი დარღვევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას/წასვლის იძულებას უკავშირდება.

***
გიორგი სოლომნიშვილი, ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისში შემდუღებლად მუშაობს. მანამდე კი, მერის წარმომადგენელი იყო სოფელ ვაზისუბანში. სხვა არაერთი საჯარო მოხელის მსგავსად, მან გადაწყვეტილება მიიღო და პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ შეუერთდა. ის მაჟორიტარი კანდიდატი და სიის მე-10 ნომერია. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის პარტიის ოფისის გახსნაზე მივიდა, სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს.

„გიდასტურებთ, რომ იყო ჩემი გათავისუფლების მცდელობა. მითხრეს, კენჭს რადგან იყრი, განცხადება უნდა დაწეროო. მერე ეტყობა გაარკვიეს და მიხვდნენ, რომ შეცდომას უშვებდნენ. რადგან მანდ ვმუშაობდი და სხვა პარტიიდან ვიყრი კენჭს, არ ესიამოვნათ, თუ რა მოხდა, არ ვიცი.

დაახლოებით იანვრის ბოლოს გამათავისუფლეს მერის წარმომადგენლის პოზიციიდან, მას შემდეგ მაგ სამსახურში ვარ შემდუღებლად. სამ თვეში ერთხელ ახალ ხელშეკრულებას გვიფორმებდნენ, მე მგონი ნოემბერში გადის ვადა. იურისტმა მითხრა, რომ მოდი სამსახურში და განცხადება დაწერე გათავისუფლებაზეო. მე ვუპასუხე, ხელშეკრულებით ვარ, ვადა რომ გავა, ნუღარ გამიგრძელებთ; განცხადება რა აუცილებელია და მეორეც, კანონი არ მიკრძალავს და რატომ უნდა დავწერო-მეთქი?

ახლა არჩევნებისთვის თავისუფალი დრო მჭირდება. ამიტომ სამსახურში ყოველდღე სიარულს ვერ მოვახერხებდი და მე თვითონ დავწერე განცხადება უფასო შვებულებაზე, რადგან ფასიანი არ მეკუთვნოდა.

მათ ქმედებას, რაც გინდათ დაარქვით, გინდა ზეწოლა, გინდა უცოდინრობა. ფაქტობრივად, ზეწოლაა, რადგან გახარია რომ ჩამოვიდა, იქ ვიყავი და დამინახეს, მაშინვე მითხრეს, განცხადება დაწერეო“, - გვიყვება გიორგი სოლომნიშვილი.

მის ბრალდებას უარყოფს ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისის დირექტორი ლევან წინწალაშვილი და ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა.
„მასთან მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა. მაგ ადამიანმა პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით დაწერა განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილეთ. ეგ ამბავი არასწორად გაჟღერდა. დაწერილი აქვს ამ ადამიანს განცხადება შვებულებაზე და მანდ მორჩა ყველაფერი“, - ამბობს ლევან წინწალაშვილი.
ზეწოლაზე საუბრობს ყვარლის საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე - ნინო ხუციშვილიც. რომელმაც, ძმასთან, ლევან ხუციშვილთან ერთად, „ქართული ოცნება“ დატოვა.

„ის ღირებულებები, რითიც ქართული ოცნება მოვიდა, სრულად იქნა უგულებელყოფილი, გადაუხვიეს ყველა იმ ფასეულობას, რის გამოც მე მათ გვერდით წლების განმავლობაში ვიყავი და არაერთი შეცდომის მიუხედავად, ბოლომდე მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოსწორებადი იყო. თუმცა მათ შეცდომები შეგნებულ დანაშაულად აქციეს, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე“, - ამბობს speqtri.ge-სთან ნინო ხუციშვილი.

მისივე თქმით, ზეწოლა განხორციელდა ძმაზე, ლევან ხუციშვილზე, რომლის დაკავებასაც გეგმავდნენ.

აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციების „მრავალფეროვანი საქართველოსა“ და ISFED-ის ანგარიშშიც მოხვდა.

„ყვარელში, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ლევან ხუციშვილი 23 აგვისტოს ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ხუციშვილის და, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ამბობს, რომ დაბარება უკავშირდებოდა ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარს, ბრალდებას, თითქოს, ლევან ხუციშვილმა სოციალური ქსელში ერთ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნინო ხუციშვილის თქმით, საჩივრის შემტანი პირი სუსთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ლევან ხუციშვილი გამორიცხავს ფეისბუქზე ისეთი აქტივობის განხორციელებას, რის გამოც შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ნინო ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ მომავალშიც განხორციელდეს პროვოკაციული ქმედებები მმართველი პარტიის მხრიდან. ოჯახის პოლიტიკური ნიშნით დევნას იგი უკავშირებს პარტია „საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონულ წარმომადგენელთან კომუნიკაციას, რომელიც სთავაზობდა ადგილს პარტიულ სიაში, რაზეც უარი განაცხადა.

ლევან ხუციშვილი 26 აგვისტოს ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რასაც და ასევე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს“, – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

როგორც ნინო ხუციშვილი გვეუბნება, ზეწოლითა და მუქარით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კანდიდატურებიც მოახსნევინა.
„ზეწოლა-მუქარის გამო კანდიდატურები მოხსნა გახარიას პარტიის ორმა მაჟორიტარმა კანდიდატმა. ასევე, ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს და ისე დაემუქრნენ, რომ დღეს მათ ულაიქებთ. ის პირადად მელაპარაკა იმ ფორმებზე, რითიც დააშინეს. დაემუქრნენ, რომ არ გაახარებდნენ, მაგრამ ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავს. როცა შეგაშინებენ, ხომ იმას ნიშნავს, რომ თან გაჩუმებენ.“

წინასაარჩევნოდ ზეწოლებსა და არათანაბარ პირობებზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ბუწაშვილი.

„სკოლის დირექტორების მხრიდან მასწავლებლებზე ზეწოლა სისტემურ ხასიათს ატარებს. რესურსცენტრი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლებლების დავალებებს და სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებისგან არჩევანის ღიად გამოხატვას ითხოვს. მათ ავალდებულებენ, რომ კაბინიდან გამოიტანონ გახსნილი ბიულეტინი, რომელიც უბანზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენელს უნდა აჩვენონ.
წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. არცერთი ბანერის განთავსების საშუალება არ მოგვეცა, რადგან კერძო მესაკუთრეები ჩვენთან საქმიან ურთიერთობას ერიდებიან. რამდენსაც მივმართეთ, ყველა ჯერზე უარი მივიღეთ. დღესავით ნათელია, რომ მინიმუმ ხელისუფლებას ერიდებიან, მაქსიმუმ - ზეწოლას.“

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი ამბობს, რომ მას მსგავსი მითითება არავისთვის მიუცია.

„მე პირადად, არავისთვის, არასოდეს მითქვამს ამგვარი რამ, დირექტორებისთვის არ დამივალებია, მასწავლებლებს არ შევხვედრივარ. ისიც ზუსტად ვიცი, რომ დირექტორები საკუთარ თავზე არ აიღებენ ასეთ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ არასწორია. თუმცა, თუ ვინმეს მსგავსი რამ უთქვამს, რაც ძალიან მეეჭვება, ამას აუცილებლად გადავამოწმებ და გავაფრთხილებ, რომ არასწორად იქცევა.“

ის, რომ ზოგადად სკოლების, საბავშვო ბაღების, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება, საქართველოში დამკვიდრებული სამწუხარო პრაქტიკაა, - ამის შესახებ ISFED-შიც აღნიშნავენ.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, ყოველი არჩევნების წინ, ამ პრობლემის აქტუალობა მკვეთრად იმატებს. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალი მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად მოიაზრება და სააგიტაციო მიზნებისთვის ხშირად იყენებენ, მათ შორის, იძულების გზით.

„დასაქმების პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, მასწავლებელთა დიდ ნაწილს ამ პრაქტიკაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. ამასთან, სკოლის პერსონალი ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს. შესაბამისად, ხელისუფლება მოწოდებულია, ისინი თავის სამსახურში ჩააყენოს. ეს განსაკუთრებით ეხება დირექტორებს, რომელთა ნაწილი მმართველი გუნდის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციის ფუნქციასაც ასრულებს, მათ შორის, ზემოქმედებს მასწავლებლებზე. ასეთი საკვანძო როლის გათვალისწინებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მორჩილი დირექტორების შესარჩევად. „ურჩთა“ სამაგალითოდ დასასჯელად, კი, მრავალი ბერკეტია გამოყენებული, მათ შორის: სამსახურიდან გათავისუფლება, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად გაუგრძელებლობა, სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარება და ა.შ.“ - აღნიშნულია ანგარიშში.

21 სექტემბრის მონაცემებით, წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, კახეთის 8 საარჩევნო ოლქიდან საჩივარი მხოლოდ ხუთ ოლქშია შესული: თელავში (3 საჩივარი), დედოფლისწყაროში (2 საჩივარი), საგარეჯოში (1 საჩივარი), ლაგოდეხსა (1 საჩივარი) და გურჯაანში (1 საჩივარი). საჩივრები ეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევას.



სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google