საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, სოფლის ამბულატორიების ექიმებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კონსულტანტის, მაია შიშნიაშვილის განმარტებით, გურჯაანი იქნება პირველი რეგიონში, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ჩატარდება.

მისივე თქმით, ხვალიდან გურჯაანსა და მის სოფლებში ერთდროულად დაიწყება მოსახლეობის აცრა. ვაქცინაცია დაიწყება ყველა იმ სოფელში, სადაც სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს.

„გურჯაანში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც გულისხმობს კოვიდვაქცინაციის ხელშეწყობას. ერთობლივი ძალისხმევით ვგეგმავთ, რომ ყველა სოფელში ვაქცინაციის ტემპი დავაჩქაროთ. გურჯაანი არის ერთ - ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე უარესად არის ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვა. უარესია ეპიდსიტუაციის მდგომარეობაც - ყველაზე მაღალია გავრცელება და გარდაცვალების მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს მუნიციპალიტეტი .
პროექტის ფარგლებში ბევრი აქტივობაა დაგეგმილი და ერთ- ერთია სოფლის ექიმების ტრენინგი, რომელიც ჩატარდა დღეს. ხვალიდან ვაქცინის გაკეთება ყველა სოფელშია იქნება შესაძლებელი. სადაც ვაქცინის შესანახად მაცივარი არ იყო, პრობლემა იქაც მოვამარაგეთ. ასე რომ, მოსახლეობას ადგილზე ექნება შესაძლებლობა ჩაიტაროს ვაქცინაცია. ჩვენი გუნდი ჩამოდის და ეცნობა სიტუაციას, მერე ამ პრობლემებს ვაგვარებთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად. “ - გვითხრა მაია შიშნიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ეს მიდგომა გაამართლებს, გურჯაანის შემდეგ, მსგავსი პროექტი ოზურგეთში განხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google