საზოგადოება
იუსტიციის სახლის სერვისებს 6 ახალი მომსახურება დაემატა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების 6 ახალი მომსახურება დაემატა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „სემეკის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
ახლადდანერგილი სერვისების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩახუნაშვილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე, დავით ნარმანია თბილისის იუსტიციის სახლში პირადად გაეცნენ.

მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების გარდა, უკვე ასევე შეუძლიათ:

- გააფორმონ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, შესაბამის მიმწოდებელ კომპანიებთან (ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში აბონენტის შეცვლის დღეს არსებულ სერვისთან ერთად);
- მოითხოვონ საკუთარ ობიექტზე (სახლის, ბინა, ოფისი და სხვა) მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.
- დაარეგისტრირონ მოთხოვნა მომარაგების ტექნიკური პრობლემის შესახებ:

მრიცხველის ადგილზე შემოწმების შესახებ - რომლის საფუძველზეც მიიღებენ ინფორმაციას მრიცხველის გამართულობაზე;

დაბალი ან მაღალი ძაბვის/წნევის პრობლემის შესახებ - რომლის საფუძველზეც კომპანია დაუყოვნებლივ მოახდენს ადგილზე გადამოწმებას და წერილობით დააფიქსირებს პრობლემას, მომხმარებელს აცნობებს მისი გამოსწორების შესახებ;

მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ - რომლის საფუძველზეც, კომპანია ადგილზე შეისწავლის სიტუაციას, მომხმარებელს აცნობებს პრობლემისა და მისი გამოსწორების შესახებ;

სასმელი წყლის ხარისხის პრობლემის შესახებ - რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად ადგილზე შემოწმდება სასმელი წყლის ხარისხი და წერილობით დაფიქსირდება პრობლემა.



ახალი სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის 25-ვე ფილიალში და მომსახურების მიღებაზე განაცხადის ჩაბარება არ არის დაკავშირებული ობიექტის ტერიტორიულ მდებარეობასთან.

პროექტში, რომლის მიზანიცაა მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება, კომუნალური მომსახურების 26კომპანიაა ჩართული.
იუსტიციის სახლის ფილიალებში მომსახურების მიღება შეუძლიათ შემდეგი კომპანიების აბონენტებს: „თელასი“, „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ეპ ჯორჯია მიწოდება“, „თბილისი ენერჯი“, „თელავგაზი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „საქორგგაზი”, „ინტერ-გაზი“, „აკრიანი 2006“, „გასკო+“, „ენერგია+“, „საჩხერეგაზი“, „გამა“, „ყამარი მ“, „ენერგოკავშირი“, „ვარკეთილაირი“, „დიდი დიღომი“, „ჯორჯიანუოთერ ანდ ფაუერი“, „რუსთავის წყალი“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, „სოგური“, „საჩხერის წყალკანალი“, „ქობულეთის წყალი“, „ბათუმის წყალი“, „მარნეულის სოფწყალი“.
| Print |
FaceBook Twitter Google