საზოგადოება
თოზუ გულმამედლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია გადაეცა
კატო მიქელაძის სახელობის პრემიას ქალთა ფონდი საქართველოში ყოველწლიურად, ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს გადასცემს. წელს ეს ჯილდო სამმა უფლებადამცველმა მიიღო. ესენი არიან: ბაია პატარაია, ელისო რუხაძე და თოზუ გულმამედლი. სამივე ორგანიზაცია საფარს წარმოადგენს.

თოზუ გულმამედლი კახეთის რეგიონიდან, იორმუღანლოს თემიდანაა.

„თოზუ უფლებადამცველი და აქტივისტია. ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თოზუმ დააარსა იორმუღანღლოს სათემო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.

მას, როგორც აზერბაიჯანელ, მუსლიმ ქალს, არაერთი სირთულე ხვდება, როდესაც ცდილობს დაიცვას საკუთარი და სხვების უფლებები და ღიად ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით ტაბუირებულია აზერბაიჯანულ თემში, “ - ვკითხულობთ ქალთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც თოზუ speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, ეს პრემია არის კიდევ ერთი სტიმული, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უფრო აქტიურად გააგრძელოს.

„თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს შორის, ამ თემაზე მუშაობის ყველაზე ნაკლები გამოცდილება მე მქონდა, ვფიქრობ, ამ პირობებში მაქსიმალური გავაკეთეთ და ეს პატარა წარმატებები, მაინც დიდი ნაბიჯებია, რასაც უფრო დიდი ნაბიჯები მოჰყვება. ეს ერთგვარად იყო აღიარებაც და ნდობაც ჩემ მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ქალთა უფლებებისთვის,“ - ამბობს თოზუ.

ცნობისთვის, „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ერთ აქტივისტს საქართველოში.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.

| Print |
FaceBook Twitter Google