საზოგადოება
ინფორმაცია არასწორად იყო გაგებული - გურჯაანის მერი აღსაზრდელთა მშობლების ვაქცინაციასთან დაკავშირებით
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი მშობლების შვილები დაიშვებიან.
ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა და აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

„რთული ეპიდვითარების გამო გურჯაანში სააღმზრდელო პროცესი ნოემბრის მერე შეჩერებული იყო. გვქონდა შეხვედრა მენეჯერებთან, რომლებსაც მიეცათ რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან რეგულაციები. ბაღები გაკონტროლდება ზედამხედველობის და ჯანდაცვის სამსახურების მიერ, რომ უსაფრთხო იყოს სასწავლო პროცესი. მიექცევა მაქსიმალური ყურადღება იმას, რომ აღმზრდელები იყვნენ ვაქცინირებულები. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, არასწორად იყო გაგებული. თათბირზე რამდენიმე ვერსია განიხილებოდა. საბოლოო ჯამში შევჯერდით იმაზე, რომ ჩვეულებრივ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი. მენეჯერებს მივეცით რეკომენდაცია ჩაატარონ პროპაგანდისტული აქცია, მშობლებს გააცნონ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციები, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს. რა იქნება მომავალში არ ვიცით, როგორი რეკომენდცისაც გასცემს საკოორდინაციო საბჭო და დაავადებათა კონტროლის ცეტრი, ისე ვიმოქმედებთ.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 37-ვე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი 24 იანვარს დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google