საზოგადოება
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის ახალი წესი განისაზღვრა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მიღებული ცვლილებების თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, რომ უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივი განკარგვისთვის გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს.


„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა.

ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის მოცულობა, ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. მათგან დაახლოებით 3500 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის განკარგვა ვერ ხერხდებოდა. ახალი კანონმდებლობა უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესს განსაზღვრავს, რაც აღნიშნულ პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის,“ -ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, არჩილ ნიკოლეიშვილის განმარტებით, ცვლილებების განხორციელებამდე, ჩამორთმეული ხე-ტყის სახელმწიფოს მიერ რეალიზება ვერ ხერხდებოდა შესაბამის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა, რადგან დაკარგული ჰქონდა სასაქონლო ღირებულება; მისი დიდი ნაწილის რეალიზება ან საერთოდ ვეღარ ხდებოდა, ან ხდებოდა გაცილებით დაბალ ფასში.
| Print |
FaceBook Twitter Google