საზოგადოება
მწვანე პასპორტმა აზრი დაკარგა-ირაკლი ღარიბაშვილი
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის სექტორი გადატვირთული არ არის და, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ორასი ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, ჯანდაცვის სამინისტრო უმკლავდება ამ გამოწვევას.

პრემიერმა ისაუბრა მწვანე პასპორტების გაუქმების საკითხზეც. მისი თქმით, მწვანე პასპორტები გამოუსადეგარი გახდა, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ეს საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა.

მწვანე ბარათების გამოყენებამ აზრი დაკარგა. თავდაპირველად, ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ომიკრონის შემთხვევაში, უმეტესწილად, ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. მაგალითი მე ვარ. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამიდასტურდა ომიკრონი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე მე მქონია სხვა ვირუსი და ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო რთულად გადამიტანია.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა მწვანე ბარათის გამოყენებამ და ჩავთვალეთ საჭიროდ მისი გაუქმება.“,-განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ათასზე მეტმა ოჯახის ექიმმა და ასზე მეტი კლინიკის კოვიდ პერსონალმაც გაიარა განმეორებითი ტრენინგი.

ამ ეტაპზე რვა ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან სრულად ათვისებულია ექვსი ათასამდე საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2000-ზე მეტი ადგილი არის თავისუფალი.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და მთავრობის მთავარი ამოცანაა, 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანების აცრა პრევენციის მიზნით.
| Print |
FaceBook Twitter Google