საზოგადოება
"პროდუქტის პანიკური შესყიდვა ფასის ზრდას გამოიწვევს"
სასურსათო მაღაზიებში დღეს დილიდან რიგებია. მოქალაქეები სხვადასხვა პროდუქტებს იმარაგებენ, განსაკუთრებული მოთხოვნაა შაქარზე,ზეთსა და მარილზე.
უკრაინა წლის ბოლომდე კრძალავს ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტს.

მოქალაქეები შიშობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდქტის დეფიციტი შეიქმნება და შეძენას ჩქარობენ.


"რითეილ ასოციაციის“ (ასოციაცია 13 მსხვილ ბიზნეს სუბიექტს აერთიანებს და მიზნად ისახავს საცალო სექტორის განვითარებას) გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა, დეფიციტის საფუძველი კი არ არსებობს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკურად არ შეისყიდონ პრდუქტი, წინააღმდეგ შეთხვევში, ფასის ხელოვნურად გაზრდას გამოიწვევენ.

„სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაზრდილია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო, რათა გადავიაროთ ეს ტალღა და დეფიციტი არ გვქონდეს ბაზარზე. გუშინ შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული.

ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას, რადგან ბაზარზე შეიქმნება ხელოვნური დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დახლზე პროდუქტი არ დახვდებათ, ხოლო მოთხოვნის გაზრდა გამოიწვეს პროდუქტზე ფასის ხელოვნურ ზრდას. არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ დადგება; იმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგები აქვთ. გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ბაზართან, რომ პროდუქციის დეფიციტი არ გაჩნდეს“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

მისივე ინფორმაციით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ შაქრის, მარილისა და ზეთის თვენახევრის მარაგები აქვთ დარჩენილი. 

speqtri.ge აღნიშნულ თემაზე მუშაობს და ვრცელ მასალას, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში ფქვილის დეფიციტი, მოგიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |
FaceBook Twitter Google